სიურრეალიზმი (blow your mind)

   ლპება რკინის ვიოლინო. მთებში ჩაიჟონა
მრგვალი წრე, ჩააბნელა სინათლე. ვირთევზები მიყუჩულან ხის ძირას ცხვრის ბუდეში.

   ბუ ქვითინებს თვალებით, ფრთა კლდეზე მიუწებებია. ირმის რქებს უშნოდ აქროლებს ტანი. ველური ფოთლები ძალით ეტმასნებიან აბურძგნულ ტოტებს ჰაერში. ფრიალებს თმა. ლპება რკინის ვიოლინო.

   დრო ჩქარობს, არსად ეჩქარება. დრო ჩქარობს ვიოლინოსთვის, ვირთევზებისთვის, ბუსთვის, ირმისთვის, ტოტებისთვის, თმისთვის, თავისთვის - არა. ლპება პლასტმასის ვიოლინო. ცამ ისევ მიიკერა ღილი, ისევ თეთრი.. უგემოვნო ცა, სადა ცა. რაღაც შეჰყმუის ღილს, მგელი არ არის.

   შავი ბალახები იკლაკნებიან მალულად. აქა-იქ კვადრატები ჩნდებიან, ოთხკუთხედის ფორმა აქვთ. მერე ქრებიან, ისევ რომ გამოჩნდნენ.

   ტყეში რაღაც ჭიკჭიკებს, ჩიტი არ არის, სამი მუხლი აქვს. ფრიალებს თმა, ნაცრისფერი. ლპება მუსიკისსუნიანი ვიოლინო. ღილი მოძრაობს. წყვდიადში რაღაც დაქრის, ქარი არ არის. ლამაზი ურჩხული ლურჯ კაბას იცვამს ყვითლად.

   ლპება სიმებიანი ვიოლინო. ფრიალებს თმა, თეთრი. რაღაც აღარ ფეთქავს, გულია. შავი კატა ყავისფრად მოემართება გაშლილ ხელებზე. ცამ ღილი დაკარგა. დალპა ვიოლინო, ხის ყოფილა.

   ნუ ეშინია, დრო გაჩერებულია, სამუდამოდ. ის ჩქარობს მისთვის, ნუ ეშინია, ეშინოდეს.
                                                                                                                                     
                                                                                                                                                   (2012)

Comments

Popular posts from this blog

გრამატიკული შეცდომები, რომლების უმეტესობაც გამაღიზიანებელია

მოდერნიზმი - მიმდინარეობა ლიტერატურაში

უილიამ ფოლკნერის "დათვი"