ხმაური და მძვინვარება (უილიამ ფოლკნერი)
თუ ამ წიგნმა მკითხველს თავი სულელად, უჭკუოდ აგრძნობინა, უნდა დაფიქრდეს, იქნებ მართლაც ასეა.. მაგრამ, არა. სულელებად თავს მხოლოდ ისინი იგრძნობენ, რომლებსაც მთელი გულით ენდომებათ პროფესიონალი არქეოლოგებივით კარგად ამოჩიჩქნონ ნაწარმოების დაფარული სიღრმეები და გააკეთონ ნამდვილი ლიტერატურული აღმოჩენები. ჭეშმარიტი სულელები კი, როგორც სჩვევიათ-ხოლმე
ჭუჭყიანი ხელების სხვებზე შეწმენდა, უჭკუობას თავად წიგნის ავტორს მიაბრალებენ. "ხმაურისა და მძვინვარების" ზედაპირული წაკითხვა იგივეა, რაც უყურებდე შედევრად შერაცხულ ხელოვნების
ნიმუშს და მხოლოდ გამოყენებული მასალისგან შემდგარ ერთობლიობას ხედავდე.
ნიმუშს და მხოლოდ გამოყენებული მასალისგან შემდგარ ერთობლიობას ხედავდე.
ნაწარმოებში თხრობას იწყებს ამქვეყნად იდიოტად მოვლენილი ბენჯამინი. ის ამბავს ჰყვება თავისებურად, არეულად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ. მისთვის არ არსებობს ქრონოლოგია. მიუხედავად ამ დამაბნეველობისა, მაინც ბევრ რამეს ვიტყობთ მანამდე, სანამ ავტორი ბენს შეასვენებს და თხრობას მის ძმას, კვენტინს გაგრძელებინებს. თუმცა ქრონოლოგიის დაცვით ვერც ის დაიკვეხნის. თანმიმვდევრობას არც აქვს არსებითი მნიშვნელობა და ეს ავტორზე უკეთ არავინ იცის. მისი მიზანი არ არის რამე ამბის მოყოლა "ბიოგრაფიულ სტილში". ასე რომ იყოს, ნაწარმოები მდარე გამოვიდოდა. სწორედ არაქრონოლოგიურობის წყალობით შეიგრძნობა ტექსტი ერთ დიდ მთლიანობად. მისი კითხვისას აღმოჩნდები სამყაროში, სადაც თავად უნდა გადაწყვიტო, საით, როგორ, რატომ წახვიდე, რა რად ჩათვალო, ვის ენდო და ა.შ.
მონოლოგთა საშუალებით, რომლებშიც დიალოგებიცაა ჩართული შიგადაშიგ საჭიროებისამებრ, კარგად ვხვდებით, თუ რას წარმოადგენენ სინამდვილეში მთხრობელები. მაგალითად,
1) ჯეისონის ღირებულებები და ხასიათი კარგად ჩანს მის ამ სიტყვებში: "დიახაც, სინდისი მეც მაქვს, მაგრამ უსუსური ლეკვივით სულ მუდამ ვერ ველოლიავები ნამდვილად".
![]() |
კადრი ფილმიდან "ხმაური და მძვინვარება". 2014 წელი |
2) ბენჯიზე სრულყოფილი წარმოდგენის შესაქმნელად მარტო მისი გარეგნობისა და ქცევის აღსაწერად კმარა, რომ მან იცის გაწვრთნილი დათვივით სიარული, რომ სიარულისას სხეულის ნაწილებს ისე დაატარებს, თითქოს ცალცალკე იყოს ისინი ასხმული ტანზე. ბენჯისთვის "ხეების სუნი აქვს კედის". როცა კედი არ არის, ბენჯი ღრიალებს. მაგრამ საკმარისია კედი გამოჩნდეს, რომ ბენჯი აღარ ღრიალებს.
3) კვენტინი ყველაფერს გააკეთებს კედისთვის, თავსაც შეაკლავს იმას, ვინც მის დას აწყენინებს. საბოლოოდ ასეც ხდება, ოღონდ კი არავის აკლავს, არამედ თვითონ იკლავს თავს. მის დას კი ბევრჯერ აწყენინებენ. წყენინებას დააგვირგვინებს მამამისი, რომელიც კედის ქალიშვილს წაართმევს. მამის გარდაცვალების შემდეგ კედის ტანჯვის უფლებას მემკვიდრეობით გადაილოცავს ჯეისონი და წარმატებითაც გაართმევს თავს ამ საქმიანობას. ის ცინიზმის განსხეულებაა და მეტი არაფერი. (4) დედამისი კი, რომელიც მთელი ცხოვრება გაიძახოდა, მალე მოგშორდებით და დაისვენებთო, სწორედ მას მიიჩნევს ყველაზე ნორმალურ შვილად, რომელიც უსამართლოდ დაიჩაგრა. ესაა ქალი, რომელიც ბენჯის, კედისა და კვენტინის დედაცაა და რომელმაც არ იცის, რომ დედის ფუნქცია გაუთავებელი წუწუნი კი არა, ბავშვების სითბოთი გაჟღენთილი მოვლა და მათი სწორად აღზრდაა. აი, რა აკლდათ და-ძმებს და რამ აქცია მათი ცხოვრება ერთ დიდ არეულობად და უაზრობად.
"ხმაური და მძვინვარება" არის ხმაურზე, მძვინვარებაზე, არეულობაზე, ქაოსზე, რომლებიც გროვდება ცხოვრების ხარისხიდან გამომდინარე სხვადასხვა სქესის, რასის, ხასიათის მქონე ადამიანში, თუნდაც იდიოტი იყოს ის. ამ უკანასკნელ შემთხვევაში შინაგანი მძვინვარება შეიძლება გარეგანი ხმაურითაც გამოიხატოს, კერძოდ - გაუთავებელი და ტვინისწამღები, ყველაზე ხმამაღალი საპროტესტო ღრიალით.
Comments
Post a Comment