სამსახურის ძიებაში...

 
   კომპანიებს რომ სჭირდებოდეს აპლიკანტები სამსახურის მაძიებლის პოზიციაზე, რამდენი დასაქმდებოდა.................

   საქართველოში სტუდენტების და პოსტსტუდენტების უმეტესობას დიდი სურვილი აქვს, იყოს დასაქმებული და გამოიმუშავებდეს ფულს სხვადასხვა საჭიროებისათვის. ისინი მთელი შემართებით ეძებენ სამსახურს, განურჩევლად სქესისა. გოგოების შემთხვევაში ოდნავ რთულადაა საქმე ქართულ რეალობაში ჯერ კიდევ არსებული სტერეოტიპების ფონზე, რის გამოც ისეთი ფრაზების გაგონება, როგორებიცაა "აგერ, ისწავლა ლამარას გოგომ, მარა დღემდე სახლში ზის", "რა ყრია სწავლაში, თუ ვინმე კაი გამოჩნდა, გაყევი", "გათხოვდები, ქმარი გარჩენს" (და ა.შ.) სულაც არ არის ჩვენი ყურისთვის უცხო. მიუხედავად ამისა, ბიჭების მსგავსად, გოგოებიც არ ზოგავენ თავს სამსახურის ძიების პროცესში. თავის არდაზოგვაში კი ძირითადად იგულისხმება სხვადასხვა ვებ-საიტზე შესვლა და ვაკანსიებში ქექვა იმ იმედით, რომ რომელიმეს მოარგებენ რამენაირად საკუთარ თავს, შესაძლებლობებს, მოთხოვნილებებს ("მოირგებენ"-ზე ლაპარაკიც ზედმეტია).
როგორია ტიპიური ვაკანსია

"უცნობილესი, უწარმატებულესი და უსაერთაშორისოესი კომპანია აცხადებს ვაკანსიას
დამლაგებელ-მენეჯერ-კონსულტანტ-მიმტანის პოზიციაზე.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისურის ცოდნა TOEFL-ის თავისუფლად ჩაბარების, ლაპარაკის, კითხვის, აკადემიური წერის დონეზე; რუსულის და არაბულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
  • ჭურჭლის რეცხვის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
  • ხაჭაპურის და ლობიანის ცხობის ცოდნა (სასურველია);
  • ცოცხის გამოყენების ცოდნა;
  • ჩაის და ყავის გაკეთების ცოდნა;
  • ხინკლის გაკეთების ცოდნა (სავალდებულოა);
  • ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
  • კომუნიკაბელური;
  • მოტივირებული;
  • თვითპრეზენტირების უნარი;
  • პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • მუშაობის უნარი;
  • ენერგიული;
  • ინჟინრული აზროვნების უნარი;
სამუშაო გრაფიკი:
ყოველდღე, 10:00-დან 21:00-ის ჩათვლით, კვირის გარდა (ხანდახან კვირასაც და კვირაში მერვე დღე თუ გამოჩნდა, მაშინაც).
ფიქსირებული ხელფასი: თვეში 157 ლარი + ბონუსები.
შერჩეულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ სამდღიანი ტრენინგი, რომლის დასრულების შემდეგ მიიღებენ 40 ლარს და სერთიფიკატს.

დაინტერესებულმა, სისუფთავისადმი დადებითად განწყობილმა და წესრიგისადმი მიდრეკილმა მხარბეჭიანმა ბიჭებმა და მომხიბვლელი გარეგნობის გოგონებმა გამოგზავნეთ CV და ფოტო-სურათი მისამართზე ***.

   მსგავსი ტიპის ვაკანსიების (რომელთა რაოდენობა ურიცხვია) გაცნობის შემდეგ ტიპიური აპლიკანტი
გადაქცეულია მოთმინებისფიალაავსებულ ნერვებდაწყვეტილ არსებად, რომელიც უკვე თითქმის მერამდენე ერთი თვეა ეძებს სამსახურს ვებ-სივრცეში, რომ 40 ლარი მაინც იშოვოს იმიტომ, რომ სადაცაა ინტერნეტს გაუთიშავენ და თუ არ გადაიხადა დავალიანება, ვეღარ მოახერხებს სამსახურის ძებნის გაგრძელებას.
   
   ვაკანსიების უმეტესობა არის მოაბსურდულო შიგთავსის მქონე, არ ექვემდებარება ადამიანურ შრომის კოდექსს, მოთხოვნები არ შეესაბამება ვაკანტურ პოზიციას, ვაკანტური პოზიცია და მოთხოვნები არ შეესატყვისება ხელფასს. მიზერული, დამამცირებელი რაოდენობის ხელფასი არ შეესაბამება სამსახურის მაძიებლის მოთხოვნებს, თუმცა ის მაინც ფიქრობს CV-ის გაგზავნაზე, რადგან სჭირდება 40 ლარი და უნდა, რაც შეიძლება დროზე ჩაიგდოს საჭირო თანხა ხელში. სხვა ალტერნატივა არ არსებობს და იმიტომ.
   
   ბევრ "კომპანიაში" უნდათ დაგიქირავონ და კართან დაგიფინონ მრავალფუნქციურ ტილოდ რაც შეიძლება იაფად, თან ისე, რომ პრეტენზიები ვერ გამოთქვა იმის შიშით, არ გადამკეცონ და არ მომისროლონო. დღეს ადამიანის შრომა ან სათანადოდ არ ფასდება, ან საერთოდ არ ფასდება მაშინ, როცა უმცირესობის წარმომადგენლებს მარტივი ფუნქციების შესრულებაში უაზროდ დიდ თანხებს უხდიან. ამასობაში დამავიწყდა, რისთვის დავიწყე ამის წერა :D თუ გამახსენდა, აუცილებლად დავწერ გაგრძელებას :)
სავარაუდოდ to be continued..   

Comments

Popular posts from this blog

გრამატიკული შეცდომები, რომლების უმეტესობაც გამაღიზიანებელია

მოდერნიზმი - მიმდინარეობა ლიტერატურაში

უილიამ ფოლკნერის "დათვი"