ტომას ელიოტის "უნაყოფო მიწა"

   "I had not thought death had undone so many".. ადამიანებს ხმელეთი თავიანთი მოქმედებითა და ამადროულად - უმოქმედობით ამოუშრეტიათ, გაუხორკლიანებიათ და უნაყოფოდ უქცევიათ. Unreal City სინამდვილეში მეტისმეტად რეალური, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე განაცრისფერებული სულის მღაფავივით საზარელი სანახავი ადგილია. ეს სიკვდილი სულაც არ არის ის შავლაბადამოსხმული გაძვალტყავებული არსება, ყველას საიქიოში რომ ისტუმრებს. ეს არის ის სიკვდილი, რომელიც ადამიანს იმიერ სამყაროზე ოცნებასაც კი არ გააბედვინებს დსა სამუდამოდ მიაჯაჭვებს მის მიერვე გამოუსადეგრად ქცეულ მიწაზე. მიწაც იმ აზრს შეგუებული, რომ ვეღარასოდეს იგრძნობს, როგორ
მოძრაობს მასში ნაყოფიერი მზარდი თესლი, თავადვე როგორ მონაწილეობს მისი მომწიფების მადლმოსილ საქმეში, უძრავადაა, ხმას არ იღებს. ან რა აზრი აქვს საყვედურის თქმას ადამიანისთვის, რომელიც ადამიანობის ღირსი არ არის. "გამვლელები თავიანთ ფეხებს დასჩერებიან, აღმართს ადგანან, მთისკენ მავალს... ქვე ეშვებიან." რაღა დარჩენიათ თვით დემონთაგან უარყოფილთ უმიზნო ხეტიალის გარდა. მათ ხომ პროტესტი გამოუცხადეს აზროვნებას, ჰოდა, უნდა იარონ, იარონ და იარონ თუნდაც ლონდონის ხიდზე, სახელსა და ადგილმდებარეობას რა მნიშვნელობა აქვს.
   რამდენად არარა უნდა იყო ადამიანი, რომ ჯოჯოხეთშიც არ მიგიღონ. ჯოჯოხეთში, სადაც ავი სულები გეენას ცეცხლში გადაგიძახებენ და სასიამოვნოდ მოკალათებულნი ვეღარ მოსწყვეტენ თვალს იმას, თუ როგორ იხრუკები, როგორ ღრიალებ ტკივილისაგან. წარმოიდგინეთ, რა არარა უნდა იყოს ადამიანი, რომ ამისთვისაც არ გამოდგეს. სწორედ ასეთებს მოუყრიათ თავი ხიდზე. ისინი დაძრწიან უაზროდ, უმიზნოდ უდროობაში, სადაც დასასრული და დასაწყისი გამუდმებით ერთმანეთში გადადის ისე, რომ თან არცერთი არ არსებობს და თან ორივე არსებობს ერთად. და რაც ყველაზე მთავარია, ეს საერთოდ არავის არ აინტერესებს. "Saint Mary Woolnoth kept the hours with a deal sound on the final stroke of nine."
   ზეცად გადაწყდა არაფრისმაქნის, უსინდისო, გონების გამოყენების უცოდინარ ადამიანთა ცოდვების გამოსყიდვა ყველაზე დიდ ფასად, რაც კი ოდესმე გადახდილა და რასაც ოდესმე რამეში გადაიხდიან. მაგრამ რა? ფარისევლობას დამონებულმა ფსევდომორწმუნეებმა ქრისტე დიდი მოწიწებით შესწირეს ამპარტავნობას მსწვერპლად. შფოთვა იწყო სამყარომ! ვერ აიტანა კაცობრიობამ ისტორიაში კაცობრიობისავე მიერ დაშვებული უდიდესი შეცდომა, გაუცნობიერებელი უსამართლობა. მაგრამ რა? ხიდზე არ წყდება უემოციო ხეტიალი. სიცარიელით დამძიმებულნი ვერ შეიგრძნობენ, როგორ უტოკავს დედამიწას ნატკენი გული. მათი ეს მდგომარეობა არის შედეგი და გამოძახილი მათი იმ ქმედებებისა, რომელთა მთლიანობამაც ვერ მიაკუთვნა ისინი საბოლოოდ ვერც სამოთხეში შესაშვებთა რიცხვს და მითუმეტეს, ვერც ჯოჯოხეთში დასაბრაწთა რიგებს. და იხეთქა ღვინომ მისი ფერდიდან! გადმოიღვარა დედამიწაზე და წამით ტკივილი დაუამა. ჩაიჟონა ღრმა ფენებში და ჩააღწია სტენტონის ბაღში პატრონის მიერვე დამარხულ ცხედრამდე. მაგრამ რა? არ წყდება სიარული არსაითკენ, არ წყდება მოსიარულეთა ხაზი, არც არავინ ჩერდება. უიმედობით გაბრაზებული ღრუბლები ერთმანეთს შეეჯახნენ! მოსიარულეთ ყრუ გრუხუნი ჩესმათ დახშულ ყურებში.
                                                                                 

Comments

Popular posts from this blog

გრამატიკული შეცდომები, რომლების უმეტესობაც გამაღიზიანებელია

მოდერნიზმი - მიმდინარეობა ლიტერატურაში

უილიამ ფოლკნერის "დათვი"