ეზრა პაუნდი და მისი კანტოები

    ეზრა პაუნდი წერდა ყველაფერ იმას, რასაც გრძნოდა და როგორც გრძნობდა, რაც კი ოდესმე უგრძვნია და რასაც იგრძნობდა იმ შემთხვევაში, თუკი თავისუფალი იქნებოდა. მისი კანტოები (კანტო - იტ. "სიმღერა"; გრძელი ეპიკური პოემის დაყოფის პრინციპული ფორმა) სიუჟეტურობით ვერ დაიკვეხნიან, თუმცა მათში იმდენი მეტაფორაა გამოყენებული, რომ სიუჟეტის არარსებობით შექმნილ სიცარიელეს თავისუფლად ავსებენ. არისტოტელე ამბობდა: "თუ სათქმელი შედგება მეტაფორისგან, იგი გამოცანაა." სწორედ მეტაფორების სიუხვის გამო დღესაც გამოცანებად რჩება ეზრას ლექსები უამრავი ადამიანისთვის.
   ამერიკელი პოეტი და კრიტიკოსი ეზრა პაუნდი დაიბადა 1885 წლის 30 ოქტომბერს აიდაჰოს შტატის ქალაქ ჰეილიში. კოლეჯში შეისწავლა ლიტერატურა და 1908 წელს გაემგზავრა ინგლისში, სადაც რამდენიმე წიგნიც გამოსცა. ამასთანავე, პროპაგანდას უწევდა "მოდერნისტულ" მოძრაობასა და ამერიკულ ლიტერატურას. მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიაში პროფაშისტური რადიოგადაცემა მიჰყავდა, რაც იქცა მისი დაპატიმრების მიზეზად. მას ბრალად დასდეს საკუთარი ქვეყნის ღალატი და არაადამიანურ
პირობებში ამყოფეს ღია ცის ქვეშ გამართულ დილეგში 6 თვის განმავლობაში. შემდეგ იგი გაგზავნეს ამერიკაში სასამართლოში წარსადგომად. ამ დროისთვის მას ფსიქიკა საგრძნობლად ჰქონდა შერყეული, პრაქტიკულად შეურაცხადი იყო, რის გამოც წმინდა ელისაბედის ჰოსპიტალში (ვაშინგტონი) გაგზავნეს. აქ იგი 1958-მდე იმყოფებოდა. ამ წელს ჰოსპიტალის კომფორტული ზღუდეებისგან ეზრა რობერტ ფროსტმა გაათავისუფლა, რის შემდეგაც პოეტი კვლავ იტალიაში დაბრუნდა, სადაც განაგრძო თავის კანტოებზე მუშაობა. პაუნდის "პიზის კანტოებს" The New York Times-მა XX საუკუნის ერთ-ერთი შედევრი უწოდა. ეზრა პაუნდი ვენეციაში გარდაიცვალა და იქვეა დაკრძალული, სან მიქელეს კუნძულზე.
   კანტოების კითხვისას მოგზაურობ პოეტის არეულ მოგონებებში, წარმოსახვებში. მათი გაგება არც ისე იოლია. ალბათ, ბევრი თავისებურად გაიგებს თითოეულ მათგანს, სხვადასხვა რამეს დაინახავს მათში. თუმცა არც ისეთების რიცხვი იქნება ნაკლები, რომლებიც პაუნდის შემოქმედებას მეტისმეტად ბევრი თავისუფალი დროის ქონას მიაწერენ. ასევე იქნებიან ისეთებიც, რომლებიც მაინცდამაინც იმის გაგებას მოისურვებენ, რაც ნამდვილად ჩადო, იგულისხმა პოეტმა თითოეულ ლექსში. ამისთვის მათ უნდა მიმართონ სიმბოლური ინტერაქციონიზმის მეთოდს, ანუ თავი წარმოიდგინონ ეზრა პაუნდის ადგილას, რომელიც იმყოფებოდა რკინის გისოსებში, ქცეულია ადამიანსა და გამასხარავებულ ცხოველს შორის გარდამავალ არსებად და ქმნის საოცარ კანტოებს. თუ მათი ასეთი სურვილი მძაფრი აღმოჩნდა, ეს ჭკუიდან გადასვლის მანიშნებელ სიმპტომადაც შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ, სამაგიეროდ, ასეთი ადამიანები დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწევენ (ყოველ შემთხვევაში, თვითონ კმაყოფილნი დარჩებიან :) ).
   კანტოებში ვხვდებით ლექსებს ქალების შესახებ და მრჩება შთაბეჭდილება, რომ თითოეული მათგანი განადიდებს ქალს, როგორც კონკრეტულს, როგორც განუმეორებელს, იდეალურს, უნიკალურს. ქალს, როგორც შეუდარებელ მოცეკვავეს, ან ისეთი სილამაზის მქონეს, რომ მის ფონზე შანდლებიც კი უქმად მდგარნი ჩანან.
   ერთგან ვხვდებით ეზრას სულის სიღრმიდან ამოძახილ სიტყვებს, რომლებითაც თითქოს რიტორიკულად ითხოვს პატიებას ღმერთებისა და საყვარელი ადამიანებისგან:
   "დაე, ღმერთებმა მომიტევონ, რაც ჩავიდინე,
     დაე, იმათაც, ვინც მე მიყვარს, მომიტევონ, რაც ჩავიდინე."
ვინ იცის, იქნებ ამით დიდ სინანულს გამოთქვამდა არასწორი პოლიტიკური მრწამსის არჩევის გამო.
   ლექსში "კუნძულის ტბაზე" ეზრა თითქოს საზოგადოებას მიმართავს, გაიღოს მოწყალება და მისცეს მას თავისუფლება, რათა იცხოვროს მშვიდად, თავი დაიხსნას "მწერლის დაწყევლილი ხელობისგან, ტვინის ჭყლეტას რომ მოითხოვს მუდამ."
   ერთგან ვხვდებით ნისლიდან მომავალ კაცუნას ყვავილებით ხელში. კაცუნა გონჯია, ყვავილები კი - ულამაზესი. მაგრამ, ვინ იცის, რა არის სიგონჯე და რა - სილამაზე. იქნებ სულაც არ არის მშვენიერება ის, ჩვენ რასაც ვთვლით, რომ არის. იქნებ მწარედ ვცდებით ყველანი და ტყუილად ვტკენთ გულს კაცუნას ასეთი უარყოფითი ზედსართავი სახელის მისთვის მიკუთვნებით...
   გალია იყო ზღუდე, რომელიც პოეტს დანარჩენი სამყაროსგან გამოყოფდა. რამდენადაც შებოჭილი იყო ეზრას სხეული რკინის სვეტებით, იმდენად და იმაზე ბევრად მეტადაც უკიდეგანო იყო მისი წარმოსახვა, ფანტაზიები. იგი მარტივად ახერხებდა მოგონებების სხვადასხვანაირად, ლამაზად და საინტერესოდ გაცოცხლებას თავის ლექსებში.
   კანტოები ბევრი პატარ-პატარა ლექსისგან შედგება. მათ თითქოს არაფერი აქვთ საერთო, მაგრამ ფფიქრობ, მაინც მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული ისევე, როგორც სამყაროს თითოეული ნაწილაკი - ერთიმეორესთან.
კანტოების გაგების სირთულე იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ მათ ავტორს ისეთი რამ ესმოდა, რაც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის დაფარულია. ის ალბათ იყო გენიოსი და გენიოსს ისევ მხოლოდ გენიოსი ან გენიოსობასთან ახლოს მყოფი თუ გაუგებს. იმისათვის, რომ გავიგოთ კანტოები ისე, როგორც მათ თავად ავტორი იგებდა, უნდა გავგიჟდეთ. ეს კი მხოლოდ "რჩეულთა" ხვედრია და "უბრალო მოკვდავთათვის" - თითქმის მიუღწეველი. ამ უკანასკნელთ ვურჩევ, არ იღელვონ, რადგან ეს ტრაგედია არ არის. შემოიფარგლონ კანტოების მათეული გაგებით და ამით დაკმაყოფილდნენ. ხოლო "რჩეულებს" სასიამოვნო გაგიჟებას ვუსურვებ.


 

Comments

Popular posts from this blog

გრამატიკული შეცდომები, რომლების უმეტესობაც გამაღიზიანებელია

მოდერნიზმი - მიმდინარეობა ლიტერატურაში

უილიამ ფოლკნერის "დათვი"