ედგარ ალან პო

   ედგარ პო არის ამერიკელი მწერალი, გვიანდელი რომანტიკოსი, დეტექტიური და საშინელებათა ჟანრების ფუძემდებელი და ღირსეული წარმომადგენელი. გარდა ამისა, ედგარ პო შესანიშნავ პოეტადაც ითვლება, რაც მიანიშნებს მის მრავალმხრივ ნიჭზე, ვინაიდან იშვიათია ადამიანი, რომელიც წერს არაჩვეულებრივ მოთხრობებს და ამასთანავე თხზავს სიმბოლურ, უნაკლოდ გარითმულ ლექსებს.
   ედგარ პოს მოთხრობები გამოირჩევა ლაკონურობით, საინტერესო სიუჟეტითა და ზოგჯერ მოულოდნელი დასასრულით (მაგალითად ისეთით, როგორიცაა მოთხრობაში "კასრი ამონტილედო"). მას საოცარი ოსტატობით აქვს აღწერილი თითოეული მოთხრობა. თავდაპირველად ქმნის კვანძს, რომელიც დასაწყისში მკითხველს შეიძლება გაუხსნელი ეჩვენოს, მაგრამ თანდათან ისე ლოგიკურად ხდება ყველაფრის ახსნა, რომ ძნელია არ აღიარო ავტორის უბადლო ნიჭი.

   მწერლის ყველა მოთხრობა ერთმანეთისგან განსხვავდება. თითოეული მათგანი უნიკალურია და არ იმეორებს ერთსა და იმავე სიუჟეტს. მოთხრობებს საერთო მხოლოდ ის აქვთ, რომ ერთი ავტორი ჰყავთ და უსაზღვროდ საინტერესონი არიან. ზოგიერთ მოთხრობას ისეთი დასასრული აქვს, რომ შეიძლება მკითხველს ღიმილმა გადაურბინოს სახეზე მისი ვარაუდების გამო.
   "მარი როჟეს საიდუმლოებაში" კარგად ჩანს ედგარ პოს შესანიშნავი ანალიტიკური აზროვნების უნარი. იგი არცერთ დეტალს არ ტოვებს ყურადღების მიღმა და თითოეულს სათანადოდ განიხილავს. ჯერ გამოთქვამს ვერსიას და შემდეგ იწყებს მსჯელობას, თუ რამდენად არსებობს დამადასტურებელი ფაქტები იმისა, რომ ეს ვერსია რეალობად ჩაითვალოს. არსებობს ვარაუდი, რომ ედგარ პომ მოკლა მარია როჯერსი და რომ ზემოხსენებულ მოთხრობაში სწორედ ესაა აღწერილი.
   აღსანიშნავია ედგარ პოს ერთ-ერთი პერსონაჟი, მოყვარული დეტექტივი დიუპენი, რომელიც გამჭრიახი გონებით ახერხებს პროფესიონალებზე ადვილად და სწრაფად გახსნას საქმე. მაგალითად შეიძლება ავიღოთ შემდეგი მოთხრობები: "ნაპარავი წერილი", "მკვლელობა მორგის ქუჩაზე".
"ოქროს ხოჭოში" თავიდან ყველაფერი მისტიკის ბურუსითაა მოცული. მთავარი გმირი ძალზე უცნაურად იქცევა. მკითხველსაც უჭირს, ერთმანეთთან დააკავშიროს მიმდინარე მოვლენები და სადაცაა დაიჯერებს, ეს ყოველივე ახსნას არ ექვემდებარებაო, რომ სწორედ მაშინ იწყება ყველაფრისთვის ფარდის ახდა.
ედგარ პოს მოთხრობების კითხვისას რთულია თავიდან გაურკვევლად არ გვეჩვენოს ვითარება, მაგრამ საკმარისია გაიელვოს რაღაც ლოგიკურმა, რომ მაშინვე ყველაფერს ნათელი ეფინება. რეალურ ცხოვრებაში ხშირად ადამიანი აწყდება ერთი შეხედვით მისტიკურ, არაბუნებრივ ვითარებას და იმდენად დარევს ხელს შიში, რომ სიმართლის გარკვევის მაგივრად განრიდებას არჩევს. შესაბამისად, მას აუხსნელობის იარლიყი მიეწებება. მაგალითად, ამერიკის ერთ-ერთ შტატ კალიფორნიაში, კერძოდ კორონაში, იყო გზა სახელწორებით "Endless Road" (უსასრულო გზა). ეს სახელი მას ხალხმა შიშით შეარქვა, რადგან ვინც ამ გზაზე ღამით მანქანით გაივლიდა, შემდეგ უკვალოდ ქრებოდა. თანდათან ხალხმა გზის გამოყენება არათუ ღამით, არამედ დღისითაც შეწყვიტა. ადგილობრივმა მმართველობამ გადაწყვიტა ძალები არ დაეზოგა და გაერკვია, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გზის ერთ ნაწილში აღმართი იწყებოდა. აღმართის გავლის შემდეგ მძღოლს მარცხნივ უნდა გაეხვია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დიდ თხრილში ჩავარდებოდა. ამის დანახვა ღამით საკმაოდ რთული იყო, რის გამოც თხრილში უამრავი მანქანა აღმოაჩინეს.
   ედგარ პოს დაწერილი აქვს ისეთი მოთხრობებიც, რომელთა დასასრულიც კი არაფერს გვეუბნება. ასეთია მაგალითად "მთხრებლი და ქანქარა". აქ უკვე ირთვება ჩვენი ფანტაზია და ალბათ ავტორი ნებას გვრთავს, თავად მოვუძებნოთ მოთხრობას ლოგიკური სიუჟეტი. ან არ მოვუძებნოთ და შიშს მივცეთ ნება, დროებით შეგვიპყროს. ამ გრძნობის განცდას ვერ გადავურჩებით ასევე ისეთი მოთხრობების კითხვისას, როგორიცაა "სიჩუმე", "უილიამ უილსონი" და სხვ. გირჩევთ, წაიკითხოთ პოს მოთხრობები და ლექსები. კონსტანტინე გამსახურდიას შესანიშნავად აქვს თარგმნილი მისი პოემა "ყორანი".
 

Comments

Popular posts from this blog

გრამატიკული შეცდომები, რომლების უმეტესობაც გამაღიზიანებელია

მოდერნიზმი - მიმდინარეობა ლიტერატურაში

უილიამ ფოლკნერის "დათვი"