მორცხვი კოღო და გულკეთილი (თუმცა მშიერი) ობობა [ზღაპარი]

გაფრთხილება: ეს არის ზღაპარი, რომელიც ზღაპარს საერთოდ არ ჰგავს (თითქმის). ეს არ წაუკითხოთ პატარებს 19 წლამდე. მისი წაკითხვა არ არის რეკომენდირებული ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ მწერები და ეზიზღებათ ობობა (ის მწერი არ არის). იგი ასევე არ უნდა წაიკითხონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ეზიზღებათ მწერები და უყვართ ობობები (თუ არ გჯერათ, რომ ის მწერი არ არის, ნახეთ ენციკლოპედიაში "ო" ასოზე). ეს არ უნდა წაიკითხონ კიდევ იმ ადამიანებმა, რომლებსაც უყვართ ობობები და მწერები, ან ეზიზღებათ როგორც ერთნი, ასევე მეორე... ანუ, ეს ზღაპარი უნდა წაიკითხოს ყველამ, რადგან აკრძალული ნებადართულზე უფრო მიმზიდველი და ინტერესის დიდი აღმძვრელია ხოლმე :)



   მოკლედ, იყო ერთი ობობა, რომელიც სულ მშიერი დაწანწალებდა (ნეტავ, როგორ ცოცხლობდა, თუ სულ მშიერი იყო..) თავისი 8 ფეხითა და ერთი პირით (იმისათვის, რომ ზუსტად გამერკვია, საკვების მისაღებ მის საშუალებას როგორი კონკრეტული სახელი უფრო მოუხდებოდა, მთელი ჩემი სახლის მთელი ოთახების მთელი კუთხეები მოვიარე, მაგრამ ობობას ვერსად გადავეყარე. არადა, აქამდე ბევრჯერ მყავდა შენიშნული, თანაც არაერთი. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ობობას უპოვნელობამ ჩემში გულის დაწყვეტისმაგვარი გრძნობა გამოიწვია. ზემოაღნიშნული იმედგაცრუებიდან გამომდინარე, იძულებული ვარ ტერმინით "პირი" შემოვიფარგლო).
   ამასთანავე, სად იყო და სად არა, და თუ იყო, როდის იყო და რატომ იყო, ან თუ ამას მნიშვნელობა დიდად არ აქვს, მაინც იყო მეორე კოღო, რომელიც ძალიან მორიდებული გახლდათ (გახლდათ რა, იყო, მაგრამ ეს სიტყვა კიდევ ერთხელ აღარ გამოვიყენე, თორემ ვინმე (ჩემი ბოროტისმსურველი) ტავტოლოგიაში დამდებდა ბრალს). ფრენისას ბზუილსაც კი ვერ ბედავდა თავისი ზედმეტად გადამეტებული სიმორცხვის გამო. გარდა ამისა, ღვარძლიან ცხოვრებას მისთვისაც კი გამოეძებნა სასჯელი და არა მარტო გამოეძებნა, არამედ დაესაჯა კიდეც: ჩვენს ძმობილ (ოღონდ ნუ დაიწყებთ, როდის დაგვიძმობილდაო და ა.შ.) კოღოს თავის თავზე დიდი ხორთუმი ჰქონდა. აქედან გამომდინარე და იქიდან გამომდინარეც, რომ ზომაზე 35,7 მმ.-ით უფრო მორცხვი იყო (რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ამ ზომის ტანის მქონე არსებასთან შეფარდებით), ძლიერ ერიდებოდა მსხვერპლის (ამ შემთხვევაში, ადამიანის) ხელზე, ან ფეხზე (ან თვითონ უკეთ იცის, სადაც) დამჯდარიყო და თავისი მახინჯი ნესტრით (თუ რაც ჰქვია, მაგრამ მგონი სწორი ვარ) სისხლი ამოეწოვა. მისი თავის აზრით, ცხოვრებისგან ნაკლმინიჭებული ხორთუმი მსხვერპლში დაცინვის სურვილს გამოიწვევდა (სინამდვილეში ჩვენ კარგად ვიცით, რის სურვილსაც გამოიწვევდა, მაგრამ კოღო მაინც სულ ცუდს ფიქრობს). ანუ, ობობას მსგავსად, ისიც მშიერი და ობობასგან განსხვავებით და(წანწალ)ფრინავდა ჩუმად.
   რადგან ეს ზღაპარია, ცოტა საინტერესო რამეები რომ მომხდარიყო და თვითონ ზღაპარიც დიდი მოცულობის რომ გამოსულიყო, ამ ყველაფრის ხათრით, ეს კოღო და ის ობობა ერთმანეთს დაგაეყრებიან (ეს სიტყვა მეორედ გამოვიყენე, მაგრამ ამის გამო ნუ გამკიცხავთ. ფაქტია, რომ აქ კარგად ჯდება). ობობას თავში, ანუ ტანში (მაგას ხომ ყველაფერი მჭიდროდ აქვს გაერთიანებული) უმი სისხლის გემომ დაურბინა. კოღომ კი უსაშინლესი სირცხვილი იგრძნო, რომ ობობას წინაშე მთელი თავისი სიმახინჯით მოუწია წარდგომა. საქმე იმაში გახლდათ (ეს გრამატიკულად არასწორად შერაცხული გამოთქმაა, მაგრამ ამ ზღაპარს უხდება), რომ ჩვენი ძმობილი (ახლა მაინც ნუღარ გაგიჩნდებათ ის კითხვა ძმობილად გახდომასთან დაკავშირებით) კოღო გაება ობობის მიერ გამოყოფილ ბლანტსა და წებოვან მასაში, რომელსაც ქსელი ეწოდება. დიახ! ეს ქსელი ეკუთვნოდა სწორედ იმ ობობას, რომელიც ჯერ დამპალი გვგონია (მორალურად), მაგრამ ბოლოში გულკეთილი უნდა აღმოჩნდეს (სათაურში ის ხომ ამ ზედსართავი სახელითაა მოხსენიებული. მაგრამ, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ობობას გული, როგორც ორგანო, არ აქვს, მაშინ მე დიდად არ შეგედავებით და გირჩევთ, რომ სიტყვა "გულკეთილის" ადგილას თქვენ "კეთილი" იგულისხმოთ). ობობა გასაოცრად იყო მშიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაჭამი (თუ, ნასვამი უფრო სწორი იქნებოდა) არ იყო. იგი გულქვად (თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ობობას გული, როგორც ორგანო, არ აქვს, მაშინ აქ "ქვა" იგულისხმეთ) უყურებდა თავისსავე მიერ ინსტინქტურად შექმნილ მახეში მოფართხალე, ცხოვრებისგან ისედაც ტანჯვის პროცესში მყოფ კოღოს და მხოლოდ მის შიგთავსზე ფიქრობდა.
   მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შთაბეჭდილებები ობობაში შორიდან დანახულმა გამოიწვია. იგი ნელ-ნელა უახლოვდებოდა მსხვერპლადქცეულ ჩვენს ძმობილს. ოო!.. როგორ რცხვენოდა კოღოს თავისი გრძელი ხორთუმის გამო.. ნეტავ ქსელი გარღვეოდა და მის ქვეშ ჩავარდნილიყო, ოღონდ ობობის ყოვლისმხედველსა და ამდენ თვალებს არ ეყურებინათ მისთვის...
   რადგანაც ეს ზღაპარია და ზღაპარი საერთოდ კეთილად უნდა მთავრდებოდეს (ვინ მიაკრა ნეტავ ეს იარლიყი.. ) და ისიც უნდა გამოჩნდეს, რომ ობობა გულკეთილია, ვითარდება შემდეგი სცენა: ობობა საბოლოოდ მივიდა ახლოს კოღოსთან. მოგეხსენებათ, ან თუ არ მოგეხსენებათ, ისე, ობობას 7 ფეხში ოსტეოქონდროზი ჰქონდა, ხოლო დანარჩენ 1 ფეხში - რადიკულიტი (თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მე ამ დაავადებებზე წარმოდგენა არ მაქვს და ისიც არ ვიცი, სად შეიძლება განვითარდეს ისინი, შეგახსენებთ, რომ ეს ჩემი ზღაპარია და რასაც (და როგორც) მინდა, იმას (და ისე) დავწერ), ანუ სიარული უჭირდა. სანამ ის კედლის ერთი კუთხიდან მეორეში გამობობღდა, ჩვენი ძმობილი კოღო სირცხვილისგან სულ დაეცა სულიერად (აა, თუ სული არ აქვს მაგას..). მაგრამ, ჰოი, საოცრებავ! ობობამ თავისი მახვილი რამდენიმე თვალი კვლავ შეავლო კოღოს და იგრძნო, რომ მის თავში, ანუ ტანში (ხომ შევთანხმდით უკვე თავისა და ტანის ურთიერთდამოკიდებულების (ანუ კავშირის) შესახებ) სურვილი უმი სისხლის ამოსრუტვისა, გაქრა. იგი მიხვდა, რომ კოღო ცხოვრებას დაესაჯა, რადგანაც მისთვის ნორმალური ზომის ხორთუმი არ გაემეტებინა. ობობამ გააცნობიერა: კოღოს ხორთუმი გრძელი იმიტომ იყო, რომ მისი ვერცერთი თვალი ვერ ახერხებდა, მთლიანად მოექცია იგი ფოკუსში (ობობის ლოგიკა მაინც სხვაა..). ჰოდა, ობობამ თქვა თავის თავში, ანუ ტანში, ეს მახინჯი კოღო უგემური იქნება, გრძელი ხორთუმი აქვსო. თანაც, შეიძლება რამე გენეტიკური დაავადება ჰქონდეს და დავინფიცირდეო (ეს გრძელი ხორთუმიდან გამომდინარე + ობობური ლოგიკა), ამიტომ თავს დავანებებო. ეს თქვა თუ არა, მაშინვე თავისი 7 ერთი დაავადებით, ხოლო მე-8 სხვა დაავადებით დასნეულებული ფეხით მიბრუნდა (როგორც იცის ხოლმე) და კედლის იმ კუთხისკენ გასწია, საიდანაც მანამდე გამოსწია.
   კოღომ საოცარი ბედნიერება იგრძნო. მიხვდა (?), რომ ობობამ იგი დააფასა (გადააფასა?), თანაუგრძნო და სირცხვილით წვისგან გაათავისუფლა. მიუხედავად იმისა, რომ ქსელში ფართხალმა ფრთები და ფეხები დააგლიჯა, მაინც უხაროდა, რომ სირცხვილის გრძნობა დამშვიდებული ჰქონდა. აი, ასე ჰუმანურად (ამ სიტყვაზე ნუ შემომედავებით) მოიქცა გულკეთილი ობობა, რომელსაც შიმშილისგან თავი, ანუ ტანი სულ დაბინდული ჰქონდა. (თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოხსენებული ობობა გულკეთილი კი არა, შტერი იყო, კოღოს შიგნეულობის გემოზე მისი ხორთუმის მიხედვით რომ იმსჯელა, ეს თქვენი გადასაწყვეტია. მაგრამ, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ყოველივე ზემოწაკითხული ერთი (ან ერთის გარეშე) დიდი სისულელეა და ამის წასაკითხად დრო ტყუილად გაფლანგეთ, გავკადნიერდები და გეტყვით, რომ არავინ გეხვეწებოდათ, წაიკითხეო!!..)
გმადლობთ უღიმღამო ყურადღებისთვის :)

2011 წელი, 10 ოქტომბერი


Comments

Popular posts from this blog

გრამატიკული შეცდომები, რომლების უმეტესობაც გამაღიზიანებელია

მოდერნიზმი - მიმდინარეობა ლიტერატურაში

უილიამ ფოლკნერის "დათვი"