ცნობიერების ნაკადი
ეს ჩემი პირველი პოსტია ჩემს ახლადშექმნილ ბლოგზე, ამიტომაც, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე დამეწერა, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემს ერთადერთ და ძალიან პატარა (იმდენად პატარა, რომ თითქმის შეუმჩნეველ) პრობლემაზე, რომლის მოგვარებასაც ვაპირებ ამ დღეებში. თუ ამ დღეებში ვერ მოვახერხე, იმ დღეებსაც გამოვიყენებ. თუ ის დღეებიც არ მეყო, კიდევ გამოვძებნი დღეებს. მოკლედ, ვწერ შიშზე, ჩემს პირად შიშზე (ბონდ, ჯეიმს ბოონდ..).
მე მეშინია. ზოგადად მეშინია.
მეშინია, რომ ყველაფერი მომბეზრდება. მეშინია, რომ ვინც მიყვარს, გადამიყვარდება. მეშინია, როცა ვიცი, რომ ვიღაცას მოვწონვარ. მეშინია, როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვინმე მიყურებს. მეშინია ცვლილებების. მეშინია. მეშინია იმის, რომ შესაძლოა რაღაცას არასწორად ვაკეთებ. მეშინია ახალი ნაცნობების შეძენის. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ შიშს ვერასოდეს დავძლევ ოდნავ მაინც. რომ მეშინია, მეშინია. მეშინია ღამით მარტო სიბნელეში ყოფნის. მეშინია კოშმარული სიზმრების. მეშინია, რომ ჩემი გულგრილობით ვინმეს გული ეტკინება. მეშინია, არაფერს ან ვერაფერს რომ არ/ვერ ვაკეთებ ვინმესთვის. მეშინია. მეშინია ზოგადად. მეშინია იმიტომ, რომ მეშინია. მეშინია ჩემი განცდების. მეშინია, რომ შეიძლება რამე არასწორად აღვიქვა. მეშინია, რომ თავს ვერასდროს ვიგრძნობ ამ სამყაროს ნაწილად. მაგრამ ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ იმის არ მეშინია, რისიც მართლა უნდა მეშინოდეს, რისდამი შიშიც ბუნებრივია ადამიანის მხრიდან.
ალბათ გაინტერესებთ (ან სულ ფეხებზე გკიდიათ), რა გზით ვაპირებ ამ ერთი ციცქნა პრობლემის მოგვარებას. იმისათვის, რომ შესაბამისი საშუალება გამოვნახო, პირველ რიგში უნდა გავცე პასუხი ერთ კითხვას: რატომ მეშინია? რა მოხდა მერე, თუ ყველაფერი მომბეზრდება, ან გადამიყვარდება ის, ვინც მიყვარს. მოვწონდე მერე და იყოს. მოხდეს ცვლილებები. მიყურონ რამდენიც უნდათ. მერე რა, რამეს არასწორად თუ ვაკეთებ. რა მოხდა, ახალ ნაცნობებს თუ შევიძენ. რა აუცილებელია ვიგრძნო თავი ამ სამყაროს ნაწილად. თუ მოვახერხე და პასუხი მოვძებნე, მერე შესაბამისი მეთოდის გამონახვას აღარაფერი უნდა.
როგორც მიხვდით (ან, არც დაკვირვებიხართ), პრობლემა არც თუ ისე მარტივი და უბრალოა ისევე, როგორც მისი გადაჭრა. გულს იმით ვიმშვიდებ, რომ არის ისეთი რამეები, რისიც არ მეშინია. მაგ., არ მეშინია ობობის, არ მეშინია "წითელზე" გადასვლის (მართალია, სულ "მწვანეზე" გადავდივარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "წითელზე" გადასვლის მეშინია). არ მეშინია, რომ გამოცდებს ვერ ჩავაბარებ კარგად. არ მეშინია, რომ ფეხი გადამიბრუნდება კიბეებზე ქაჯივით ჩამოქროლების დროს და მერე ერთი თვე ტკივილი შემაწუხებს. არ მეშინია, რომ ზაფხულში მზის ქვეშ ვითომ დამცავ კრემწასმული 2 საათი ვიწვები და ისე დავიწვები, რომ ერთი კვირა თავი ჯოჯოხეთში მეგონება (მიუხედავად იმისა, რომ ნამყოფი არ ვარ). არ მეშინია არც შავი და არც რომელიმე ფერის კატის გადანარბენზე გავლის.
ფაქტია, რომ რისიც მეშინია, ის არ არსებობს. არ არსებობს ჩემი შიშის უშუალო ობიექტი და სწორედ ეს ართულებს პრობლემის გადაწყვეტას. თითქოს ვიღებ ჩემი გონებიდან ფიქრებს, აზრებს, მოგონებებს, წარმოსახვებს, მათგან ერთ დიდ ბურთს ვაკეთებ, ვდებ იატაკზე, ვიხევ უკან რამდენიმე ნაბიჯით, შემდეგ ვჯდები ბურთის პირისპირ და ვიწყებ შიშის განცდას :D ანუ, თეორიულად მესმის, თუ რა სისულელეების მეშინია, მაგრამ პრაქტიკულად ვერაფერს ვერ ვუხერხებ საკუთარ თავს.
მისურვეთ, რომ ადრე თუ გვიან გავუმკლავდე მტერს, რადაც არ უნდა დამიჯდეს (თუ მისურვეთ, მადლობა). მეც არ დავიშურებ ძალ-ღონეს და ოდესმე ან გადავჭრი ამ პრობლემას, ან მოვახერხებ, რომ მასთან შეხმატკბილებულად ვიარსებო. დროებით.
რა ულამაზესი ბლოგი გქონია, ბლოგოსფეროს ამ მიტოვებულ სასაფლაოზე
ReplyDeleteარ ვიცოდი ვინმე ისევ თუ სტუმრობდა ჩემს ბლოგს 😊 მადლობა ერთი წლით დაგვიანებით 🙆♀️
Delete❤️❤️❤️
ReplyDelete